გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 262
გეოგრაფიული მდებარეობა

ახალგორის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით – კასპის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – გორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

ბუნება

რელიეფი

რელიეფის მიხედვით ახალგორის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება. რელიეფი, ძირითადად, მაღალმთიანია. აქ ფართოდაა გავრცელებული ვულკანური და მყინვარული ფორმები.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია ხარულისა და ალევის ქედები და ვულკანურ მაღალმთიანი ყელის ზეგანი. ხარულის ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც კავკასიონს ლაღწითის მწვერვალთან გამოეყოფა და თითქმის მერიდიანულად მიემართება. მთა ქნოღოსთან იგი გერმუხის ქედის აღმოსავლურ ბოლოს უკავშირდება. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყელი (3628 მ). მნიშვნელოვანი მთებია: ქნოღო, გალავდური, ცხრაწყარო. ხარულის ქედი აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური ქანებით.

ალევის ქედი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც ხარულის ქედს უერთდება არხის ქედის მეშვეობით. ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი — სამხრული. მნიშვნელოვანი მთებია: ლომისისმთა, მუნჯუხე, ყურყუტა, საფერშეთი, ლორწომისკლდე. ცარცული სისტემის ფლიშური წყებებით აგებულ ალევის ქედს ნაზი რელიეფი ახასიათებს, რაც გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში.

ყელის ზეგანი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფარგლება კავკასიონის მთავარი ქედით, ხარულისა და არხის ქედებით. ზეგნის სიმაღლე მერყეობს 2600-3200 მ შორს. იგი საფეხურებად ეშვება სამხრეთით არხის ქედისაკენ და აღმოსავლეთით მდინარე არაგვისკენ. ყელის ზეგანმა გამყინვარება განიცადა, რაც გამოიხატება ტროგების, მორენებისა და სხვათა სახით. გვხვდება, ასევე, პერიგლაციალური ფორმები.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების ქსნისა და ლეხურას ხეობები. ქსნის ხეობა ლარგვისს ზემოთ ჟამურამდე და ქსნის შენაკადების — ჭურთას, ცხრაძმულას, ალეურასა და სხვათა ხეობები ტიპობრივ ეროზიულ ხეობებს წარმოადგენენ. ქსნის ზემო დინებას ჟამურის ხეობა ეწოდება.

მდინარე ლეხურა ხარულის ქედის სამხრეთ კალთაზე იწყება და მისი ხეობის ფსკერი ზემო ზაყორთან ზ.დ. 1070 მ სიმაღლეზე იმყოფება. მდინარის აუზის მორფოლოგიურ ხასიათს მდინარეული ეროზია განსაზღვრავს.

შიდა წყლები

ახალგორის მუნიციპალიტეტი მდიდარია შიდა წყლებით.

მთავარი მდინარეა ქსანი, რომელიც ყელის ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება. სოფელ პავლიანამდე მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გაედინება, ხოლო შემდეგ, ძირითადად, სამხრულ მიმართულებას ექვემდებარება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ქსანი მტკვრის მარცხენა შენაკადია.

მუნიციპალიტეტის ფარგლლებში ქსნის შენაკადებიდან მნიშნვნელოვანია ცხრაძმულა, ჭურთა და ალეურა.

ცხრაძმულა (სიგრძე — 15 კმ) და ალეურა (სიგრძე — 21 კმ) იბადებიან ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, ხოლო ჭურთა (სიგრძე — 18 კმ) — ხარულის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე.

ახალგორში მდებარეობს მრავალი ტბა, რომელთა უმეტესობა გაბნეულია ყელის ზეგანზე. ტბებიდან მნიშნვნელოვანია ყელი, წითელი ხატი (დიდი და პატარა) და სხვ.

ყელის ტბა ამავე სახელწოდების ზეგანზე მდებარეობს ზ.დ. 2914 მ-ზე. სარკის ფართობია 1,28 კვ.კმ, მაქსიმალური სიღრმე — 63 მ. ტბა იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში.

წითელი ხატის ტბები მდებარეობს ფაჩურის ქედზე. დიდი წითელი ხატის ტბა ზ.დ. 2779 მ სიმაღლეზეა და მისი  მაქსიმალური სიღრმე 53 მეტრს აღწევს.

ნიადაგები

რელიეფის ხასიათის შესაბამისად ნიადაგები სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. ტყის ზონის ქვემო ნაწილში გაბატონებულია ყავისფერი ნიადაგები, რომელსაც შუა ნაწილში მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის, ხოლო ზემო ნაწილში — ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ დიდი ფართობი უჭირავს მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებს. ალუვიური კარბონატული ნიადაგები გვხვდება მდინარე ქსნის გასწვრივ.

ლანდშაფტები

  1. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  2. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  3. საშუალო მთები წიფლის ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  4. მთის მდელოს ნიადაგი სუბალპური მდელოთი;
  5. მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიანი ნიადაგი ალპური მდელოთი;
  6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა

ფლორა

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია სუბალპური ტყე მდელოები. ტერიტორიის შუა ნაწილში, ძირითადად, არის წიფლნარი, სამხრეთ ნაწილში კი — მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები. ხარული  ქედის კალთები ტყიანია. თხემი კი შემოსილია მდელოს ბალახეულით. ალევის ქედის მრავალ ადგილში სუბალპური და ალპური მდელოებია. ქვემოთ კი არის ფართოფოთლოვანი ტყეები. ყელის პლატოს მცენარეულობა, მკაცრი ჰავის, ინტენსიური მექანიკური გამოფიტვისა და ნიადაგური საფარის სუსტი განვითარების გამო, ღარიბია და წყვეტილი ბალახეული საფარით არის წარმოდგენილი.

ქსნისა და ლეხურას ხეობების ტყეებში ჭარბობს წიფლნარი.

ფაუნა

ტყეებში გვხვდება დათვი, ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი, ციყვი. ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო (სწწ), ჩხიკვი, ქორი, კოდალა, მწყერი, ყვავი, შაშვი დ სხვ.

ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებში იხთიოფაუნა საერთოდ არ მოიპოვება (მაგ.: ყელისა და წითელიხატის ტბები). მდინარეებში არის კალმახი, წვერა, ქაშაპი და ა.შ.


ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით