გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 262
ისტორია

 

ისტორიული წყაროების ცნობით, დაბა ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი  მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორიქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.

ერისთავების სასახლე ახალგორში

ქსნის ხეობა მთელ თავის სიგრძეზე თანდათანობით იცვლის პროფილს. დასაწყისში, ათეულ კილომეტრზე ხეობა ძალიან ვიწროა და დამრეცი. ლარგვისიდან იგი ოდნავ გაფართოებას იწყებს, ხოლო წირქოლთან ეს უკვე შესამჩნევი ხდება.
სწორედ აქ, სადაც ხეობა შესამჩნევად ფართოვდება. მდებარეობს ახალგორი. ცოტა ქვემოთ, ქსოვრისამდე, ხეობა ისევ ვიწროვდება. შემდეგ ისევ განიერდება, გადადის მუხრანის ველებზე და ასე გრძელდება მტკვართან შეერთებამდე.
თითქმის მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში ეს ხეობა ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდა. ადრეულ ხანაზე მეტად ძუნწი ცნობები გვაქვს. უფრო მეტია ცნობილი XIII-XIV საუკუნეებიდან.
თავდაპირველად საერისთავოს რეზიდენცია ქვენიფნევსა და ლარგვისში უნდა ყოფილიყო. შემდეგ კი, რაც საერისთავო გაძლიერდა და გაფართოვდა, მაღალ მთებში მომწყვდეული რეზიდენცია ქსნის ერისთავებს უკვე აღარ შეეფერებოდათ. ისინი ირჩევენ ახალ ადგილს ახალგორის სახით. ეს უნდა მომხდარიყო XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ახალგორში მჯდომი ფეოდალის ხელში იყო ამ ხეობის გასაღები. ამავე დროს ახალგორი ქვეყნის ცენტრთანაც ახლოს მდებარეობდა. აქ უფრო ადვილად შეეძლოთ ძალების მობილიზაცია და მანევრირება. ეკონომიური მოსაზრებითაც ახალი ცენტრი უკეთესი იყო.
XVII საუკუნიდან ქსნის საერისთავოს გაზრდამ მეფის ხელისუფლება იძულებული გახადა მეტი ყურადღება დაეთმო ამ საფეოდალოსაოვის.
ახალგორში თითქმის ერთდროულად წარმოქმნილა ორი დიდი არქიტექტურული ანსამბლი. დღეს უკვე ორივე ანსამბლი ძლიერ დაზიანებულია. ცოტა მოგვიანებით გაჩენილა კიდევ ერთი ანსამბლი, რომელიც პირველი ორისგან მოშორებით დგას. ამ სამს შორის უფრო დიდია ის ციხე-დარბაზი, რომელიც აღმოსავლეთითაა. სიდიდით მეორეა მასთან ახლოს მდებარე. უფრო მომცროა მესამე, განაპირას მდგარი. პირველი მათგანი, ალბათ, თვით ერისთავს ეკუთვნოდა, დანარჩენები კი — გვარის სხვა წარმომადგენლებს.
ერისთავის ციხე-დარბაზი მდებარეობს მაღალი მთის ძირას, ფერდობზე. ცალკეული ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ ანსამბლი მთლიანად მდინარის ხეობისკენაა მიმართული. ყველაზე მაღალი კოშკიდან კარგად ჩანს ხეობა ორივე მიმართულებით. ციხეს მაღალი გალავანი ჰქონია, რომლის ზედა იარუსებზე სათოფურები ყოფილა განლაგებული.
ადრინდელი სასახლე, შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, საკმაოდ საინტერესო ნაგებობა ყოფილა. დაზიანების შემდეგ, გასულ საუკუნეში, მასზე დიდი ზომის ამპირული ნაგებობა დაუშენებიათ.
XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე სამხრეთ-დასავლეთის კუთხეზე მიუშენებიათ ორიგინალური კოშკი. იგი ძირითადად საცხოვრებელი იყო, მაგრამ აღჭურვილი ყოფილა აუცილებელი საბრძოლო ელემენტებითაც. კოშკი სამსართულიანია.

 

XVIII საუკუნის შუა ხანებში ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში მიუშენებიათ მცირე ზომის კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია დარჩენილი.
ასიოდე მეტრითაა დაცილებული მეორე ანსამბლი, რომელიც პირველისგან განსხვავებით ვაკეზეა გაშენებული. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. ციხე-დარბაზს რადიკალური გადაკეთებები განუცდია. პირველად აქ მდგარა სასახლე გალავნითა და ერთი კოშკით. შემდეგში, მცხოვრებთა გაზრდასა და საშიშროების მომატებასთან დაკავშირებით, საჭირო გამხდარა სასახლის გადიდებაც. ამ დროისათვის ძველი კოშკი დაზიანებულა და მისი ნაშთის გამოყენებით ახალი კოშკი აუგიათ. იმავე დროს, კოშკები აღუმართავთ ყველა კუთხეში.
გალავნის სიმაღლე საშუალოდ, ოთხი მეტრია ქონგურებისა და საბრძოლო ელემენტების გარეშე.
სასახლეს გრძელი ოთხკუთხა გეგმა ჰქონია. მისგან ნაწილობრივ ჩრდილო კედელიღაა შემორჩენილი. ფრაგმენტის მიხედვით, სასახლე ორსართულიანი ჩანს. პირველი სართული დამხმარე ყოფილა, მეორე კი — საცხოვრებელი. პირველი სართულის კედლებში თაღოვანი ღრმა ნიშებია ჩამწკრივებული, მეორე სართულის კედლებში კი კარებისმაგვარი ფანჯრებია. ასეთი მაღალი ფანჯრები იმ ეპოქისათვის არის დამახასიათებელი. სასახლისა და გალავნის კუთხეში მიდგმული კოშკი სასახლის ნაწილად იქცა. ამასთანავე, მას თავდაცვის ყველა ელემენტიც აქვს. იგი სამსართულიანი ყოფილა.
სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სხვებზე უკეთაა მოღწეული. ისიც სამსართულიანია. პირველ და მეორე სართულებს შესასვლელი ეზოდან აქვს ცალ-ცალკე. პირველი და მეორე სართულები უხვადაა აღჭურვილი ნიშებით, სარკმლებითა და სათოფურებით. მეორე სართულს აქვს ბუხარიც. მესამე სართული, ძირითადად, საბრძოლველად ყოფილა განკუთვნილი. მის კედლებში სათოფურები და სალოდეებია ჩამწკრივებული.
ჩრდილო-დასავლეთის გადაკეთებული კოშკი, ძირითადად, ზემოაღწერილის მსგავსია.
აღწერილი ორი ანსამბლი გაერთიანებული იყო ერთ მთლიან გალავნით, რომლითაც ხუთ ჰექტარამდე ტერიტორია იყო შემოფარგლული. გალავანში ჩართული ყოფილა კიდევ ორი კოშკი, ერთი მათგანი სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში მდებარეობს, მეორე კი — დასავლეთის მხარეს, თითქმის შუაში. ამ უკანასკნელის ქვედა სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეს იყო განიერი, თაღოვანი ასასვლელი. ეს ჭიშკარი იმაზე მიუთითებს, რომ შუასაუკუნეებში ხეობაზე გამავალი მთავარი გზა მდინარის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა. გალავნის შიგნით სხვა ნაგებობანიც იქნებოდა, მაგრამ ახლა მათგან მხოლოდ კვალიღაა დარჩენილი. ნანგრევებს შორის გამოირჩევა აბანო, რომელიც პირველი ანსამბლის გვერდითაა ჩრდილოეთის მხარეს. ძლიერი დაზიანების გამო მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ ეტყობა, რომ იგი დიდი მასშტაბისა ყოფილა. ეს აბანო სასახლისა იყო. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იმავე საუკუნეებში, რაკი ახალგორი მცირე ქალაქს წარმოადგენდა, იქვე სადმე სხვა აბანოც ყოფილიყო.
ახალგორის მესამე ანსამბლი მდებარეობს მეორე ანსამბლიდან ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ასეულ მეტრზე. იგი განლაგებულია მდინარის მარცხენა მხარეს, ვაკეზე. ირგვლივ ხშირი ტყის არსებობა აძნელებს სხვა ნანგრევების მოძებნას.
ციხე-დარბაზი შედგება კოშკისა და გალავნისაგან. ეს ოთხკუთხა კოშკი, ძირითადად, საცხოვრებელია, მაგრამ აღჭურვილია საბრძოლო ელემენტებითაც. ეზოში მოხვედრა შეიძლებოდა კოშკის პირველ სართულში მოწყობილი კამაროვანი გასასვლელით. ამას გარდა, იქვე, კოშკის გვერდით არის დამატებითი შესასვლელი გალავანში. მშვიდობიანობის დროს, ალბათ, ორივეს იყენებდნენ.

გალავანი არ არის მაღალი. ეზო ორადაა გაყოფილი, რომელთაგანაც სამხრეთისა უფრო მცირეა. კედლებში მოწყობილია სათოფურები.
ანსამბლს თარიღი არ გააჩნია, მაგრამ მთელი რიგი ნიშნებით შეიძლება მისი XVII საუკუნით დათარიღება.
ისტორიულ წყაროებში ახალგორი პირველად XVI საუკუნის 70-იან წლებში იხსენიება. მაგრამ ამ დროს აქ ერისთავთა რეზიდენციის არსებობა არ იგულისხმება. მომდევნო საუკუნეში კი მდგომარეობა შეიცვალა. ამ პერიოდიდან, როცა ქსნის ერისთავები ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, ახალგორი მათ რეზიდენციად ქცეულა. XVIII საუკუნიდან ცნობები გაცილებით მეტია.
მემატიანე გორგიჯანიძეს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა. ირანის მიერ მეფედ გამოგზავნილ როსტომს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას დამოუკიდებელი საქართველოსათვის მებრძოლი თეიმურაზ პირველი. მას მხარს უჭერდნენ ქსნისა და არაგვის ერისთავები და ამილახორი. XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს მოკავშირეები ჯარით ახალგორს შეკრებილან, იქიდან საფურცლეს უნდა წასულიყვნენ და თეიმურაზს შეერთებოდნენ. როსტომმა გაიგო ეს, სასწრაფოდ ჯარი შეკრიბა. „ქუდზე“ კაცი დაიბარა და შეერთებული ჯარით ახალგორს, შობის დილას ლოცვაზე მდგომ ერისთავებს მოულოდნელად დაესხა თავს. დამხვდურებმა იარაღის ასხმა და ცხენზე შეჯდომაც ვერ მოასწრეს, ისე დაიფანტნენ. ბევრი ტყვედ ჩავარდა.
ერთ-ერთი მემატიანის ცნობით, 1721 წელს შანშე ქსნის ერისთავს უნებართვოდ დაუტოვებია თბილისი და თავის სამფლობელოში წასულა. მეფემ იცოდა, რომ ერისთავი უწინდებურად ახლაც განდგომაზე ოცნებობდა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მის დასასჯელად. ერისთავის დამარცხების შემდეგ მეფის ჯარმა დასწვა ახალგორის სასახლე. დაბრუნებისას შანშე გზაზე დახვედრია მეფეს და პატიება უთხოვია. მეფემ მას ფიცი დაადებინა და ისევ უბოძა ერისთავობა.
ცხადია, შანშე ან აღადგენდა დამწვარ სასახლეს, ან ახალს ააგებდა. ხანძარი ციხესაც დააზიანებდა. რესტავრირებულ ნაწილში მართლაც ჩანს XVII საუკუნის კვალი.
ამ ამბებიდან ათიოდე წლის შემდეგ ირანის ჯარს შიდა ქართლი დაულაშქრავს, აუღია ბევრი ციხე-სიმაგრე და მოუოხრებია ქსნის ხეობაც ლარგვისამდე. შესაძლოა, ამ დროს ახალგორიც დაზიანდა. შანშეს ამის შემდეგ ყოველგვარი იმედი დაუკარგავს, გადასულა იმერეთში, იქიდან კი — რუსეთში. ერისთავის ძმასაც ჯალაბობით კახეთისთვის შეუფარებია თავი. ამის შემდეგ განაწამებ ქსნისხეველებს თვითონ აუღიათ ინიციატივა, შეუტევიათ მტრისთვის და კუთხე გაუთავისუფლებიათ.
ახალგორმა რეზიდენციის პერიოდი დაამთავრა საერისთავოს გაუქმებასთან ერთად, XVIII საუკუნის 70-იან წლებში.

 

ახალგორის განძი

ახალგორის განძი, ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა 1908 წელს ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურთან (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი). ნივთები შეაგროვა და ყოფილი კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა ექვთიმე თაყაიშვილმა. ინახება  სიმონ ჯანაშიას სახელობის  საქართველოს მუზეუმში.

ახალგორის განძში შემავალი ნივთები არის წარჩინებული ქალის მდიდრული სამარხეული მასალა (ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, ლითონის, ძვლის, მინისებრი პასტისა და ქვის სამკაული, ჭურჭელი, სარიტუალო ნივთები და სხვა). ნივთების დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია და მოწმობს მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეს ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებში. განძის ოქროს სამკაული (სასაფეთქლე საკიდები, საყურეები, გომბეშოების გამოსახულებიანი ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, რომელთა ფარაკებზე ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული) ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ვერცხლის ნივთებიდან აღსანიშნავია იმდროინდელ კულტურის სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობიდან — რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტები, ბრინჯაოს რგოლები და ლაგმები. ახალგორული ტიპის ლაგმები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია აღმოჩენილი.

ახალგორის განძის ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტურის გავლენის კვალი ემჩნევა. ბრინჯაოს ნივთებს ეს გავლენა არ ატყვია. განძი ძვ. წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება და მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიკურ და სოციალურ დიფერენციაციაზე ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებში.

 

 

 

   


ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით